Wisdom
მარტონი მიზნებს ძნელად ვაღწევთ ან ვერც კი ვაღწევთ
მიზნისკენ სვლის პროცესი უკვე არის გამარჯვებისკენ სვლა
მიზნის მიღწევა, დროის, ფიზიკური და სულიერი ძალების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს
რომ მიიღო, უნდა გასცე ჯერ! სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება, ქონება,.. გაეცით და მიიღებთ
როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ გაქრება. იყო ჩიტი მგალობელიო, იჭიკჭიკა, იჭიკჭიკა, წავიდა და არაფერი არ დაგვრჩა მისგან. უკვალოდ გაქრა. კვალი! კვალის დატოვებას კი მიზანი უნდა - კეთილშობილობით სავსე მიზანი. მარტო მე, მე, მე კი არა, ჩემმა მიზანმა რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოთ, თქვენ უნდა გარგოთ. მეც იმდენი დამრჩება, რამდენსაც თქვენ კარგს გაგიკეთებთ
მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდია გამარჯვება. დიდ მიზნებს რომ ვეტანები, დიდი ძალები მჭირდება და უფრო ძლიერი ვხდები. პატარა მიზნებს რომ ვეტანები, იმ დონისა ვხდები, რა ძალებსაც ვხარჯავ. აღმოსავლური ანდაზა - ჩვენ იმ ძალებს ვიძენთ, რასაც გადავახტებით
ქართული ბალადისა არ იყოს - "იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისაო". აი ასეთი დედობაა დედობა, და არა ის, რომ ჩემი შვილი შენ შვილსა სჯობდეს
თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის წავაქეზებთ და გამარჯვების ჟინს ჩავუნერგავთ, ამან შეიძლება გამარჯვება ასწავლოს, მაგრამ იქვე ასწავლოს ეგოიზმი, შური, სიძულვილიც კი და მტრობაც ჩაუსახოს ბავშვს. აბა გადახედეთ სპორტსმენებს, უყვართ ერთმანეთი?
აღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს შენვე დაუწყებ გამოჩორკნას. თუ ჩვენ საკუთარი თავის აღზრდით დავკავდებით, რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ანგელოზების დონემდეც კი ავმაღლდეთ. შეგვიძლია გავხდეთ კეთილი ბუნების ადამიანები, რომლებისგანაც სიკეთე და დადებითი ემანაცია მოდის
თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ ამას თვითაღზრდა. მშობელს შეიძლება შეეშალა, ან არ იცოდა, ან დრო არ ჰქონდა, ანა პურის ფული უნდა ეშოვა,... მაგრამ სიცოცხლე ხომ მოგცა. გამოასწორე!
მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი გამარჯვების პირობა, და გამარჯვება, როგორც მომავალი დამარცხების პირობა. იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს
რას მოაქვს ბედნიერება?
როცა გაიმარჯვებს საკუთარ თავზე, ბედნიერი გახდები. თურმე, ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს ფლობდეს. დააკვირდით თქვენ თავს, ფლობთ საკუთარ განცდებს? გაქვთ იმის ნებისყოფა, რომ ის აკეთოთ რაც საჭიროა, და არა ის - რაც გინდათ? ეხლა რომ რაღაცები გვინდა, შეიძლება ესენი ზედმეტი იყოს, უფრო დიდი წინ გველოდებოდეს და დროს კი სხვა რამეში ვხარჯავდეთ. არადა ის, რაც წინ გველოდება, ეხლა უნდა ვთესოთ. რასაც დავთესავთ, ის არ უნდა მოვიმკათ? მაგრამ, თესვა რომ გვეზარება? ამრიგად, მოსამკელიც შეიძლება აღარ გვქონდეს
ყველაზე დიდი გამარჯვება, ფილოსოფოსებს აქვთ ნათქვამი, საკუთარ თავზე გამარჯვება არისო
მშობელი უნდა იყოს შრომაში, საქმიანობაში, ოჯახთან ურთიერთობაში გამარჯვებული, რომ ასეთი გამარჯვებულის განცდა მიანიჭოს ბავშვს
თქვენ უნდა გაიმარჯვოთ აღზრდაში, რათა თქვენმა შვილმა გაიმარჯვოს ცხოვრებაში
საუკეთესო საჩუქარი შვილისთვის
- გინდათ ბავშვს თქვენი თავი აჩუქოთ? აჩუქეთ თქვენი სრულყოფილება, თქვენი ზრუნვა, რომ თვითონ გახდეთ მისაბაძი, იშვიათი კულტურის მატარებელი. შვილისთვის საუკეთესო საჩუქარი თვითონ მშობელია
ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობთ ხოლმე დროს. გვგონია, რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს. ყოველ წუთს, საათსა და დღეს დიდი მოფრთხილება სჭირდება
დედის გული, თუ მართლაც უნდოდა დედას ბავშვი, სიბრძნით არის სავსე, და ეს სიბრძნე არასდროს არ გიღალატებთ ბავშვის აღზრდაში
ყველა ბავშვს თავისი თანდაყოლილი ნიჭიერება მოჰყვება. ჩვენი ვალი რაღაა? - ეს ნიჭიერება განვუვითაროთ, გავუღვიძოთ, გავუძლიეროთ, ხელი შევუწყოთ, გასაქანი მივცეთ
ზოგიერთი რაღაცა, რაც არ გამოგდით, შეიძლება დამარცხებად მიიჩნიოთ. თუმცა ამ დამარცხებაში გამარჯვება იბადება. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამარჯვებული ვიყოთ, იმის მიხედვით, თუ როგორ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას
თუ გულწრფელად დიდ ინტერესს გამოიჩენთ შვილის ინტერესების მიმართ, მერე ისინიც დაინტერესდებიან თქვენით და ასე შესაძლებელია შვილთან მეგობრობის ჩამოყალიბება
ბავშვის ზედმეტი კონტროლი ძალიან უშლის ხელს მასთან დამეგობრებას
ამ ხნის კაცი თუ მე ჩემ თავს ვზრდი, ჩემზე ახალგაზრდებმა რატომ არ უნდა გაზარდოთ თქვენი თავი, რათა მერე თქვენმა შვილებმა კარგი მაგალითი აიღონ თქვენთან? ზარდეთ თქვენი თავი. თავშეკავება ისწავლეთ, დათმობა და დახმარება ისწავლეთ, თქვენ შვილებთან მეგობრობა ისწავლეთ. ალერსი და სიყვარულის ნაირფერი გამოვლენა ისწავლეთ. ეს ყველაფერი არც კი მოსთხოვოთ ბავშვს, თუ ჯერ თქვენ არ ისწავლით. ის დამნაშავე არ არის
თუ მშობელი ჩივის შვილის საქციელზე, ხოლო თავის ქცევებს არ აანალიზებს, თუ რამდენად სწორად იქცევა თვითონ ბავშვთან, ასეთ შემთხვევაში მას ჩივილის უფლებაც კი არ აქვს. რასაც აძლევს ბავშვს, იმას იღებს შედეგად