დინების წინააღმდეგ სვლა | საკუთარი თავის და ბავშვის აღზრდა
ჩვენი ამოცანა არის დინების საწინააღმდეგოდ სვლა, გამიგეთ? თუ გინდა ბავშვი აღზარდო, სათავესთან უნდა მიიყვანო სადაც სიწმინდე იბადება იქ, და ეს სათავე თუ წინააღმდეგ არ იარე არ გამოვა.
ესეიგი ცხოვრების წინააღმდეგ უნდა იარო, რომ ცხოვრება ააშენო, თორე თუ მას გაჰყევი, ის ფეხქვეშ ამოგიგდებს და გაგაკეთებინებს იმას, რაც ჩემს წინაპრებს უკეთებიათ და ის წინაპრების ნაკეთები წარსული უკვე, დღეს კი ოცდამეერთე საუკუნეა, მინდა ოცდამეორეშიც გადავაბიჯო.
აი ეს არის აღზდა, აღზრდა დინების საწინააღმდეგოდ, ამიტომ თუ საკუთარ თავს არ ვზრდი, დინების წინააღმდეგ ვერ წახვალ, ვერც ბავშვს გაიყოლებ, ბავშვს კი მხოლოდ იქითკენ წასვლა უნდა, ეს მისი ბუნებაა.
როდის გამოგივა შვილის აღზრდა?
როცა ფიქრობ, როგორ გავხდე უკეთესი ჩემი შვილისთვისო, მაშინ გამოგივა აღზრდა. როგორ შევიკავო თავი, არ დავუყვირო, მოფერება ვისწავლო ლამაზი, რომ აღზრდად იქცეს ეს მოფერება, სიტყვის თქმა უნდა ვისწავლო სიმშვიდით, წიგნი როგორ წავუკითხო, რომ ცრემლი გამოწუროს ბავშვმა, რომ რაღაც იგრძნოს, განიცადოს და კიდევ წამიკითხეო გითხრას, ვისთან წავიყვანო, სად გავყვე, რაში დავიმორჩილო, რაში ჩემსკენ გადავიბირო. ამაზე თუ არ იფიქრებ რა აღზრდა უნდა გამოგივიდეს? და ჩვენი აღზრდა იმპულსებით მიდის, კაი გააკეთა ჰიჰიჰი, ცუდი გააკეთა ჰოჰოჰო....
შალვა ამონაშვილილიმონივით უნდა გამოწურო შენი თავი
გინდა რომ ადამიანი გახდე? ჩვენ არა ვართ სრულყოფილები, კიდევ დიდი ხანი არ ვიქნებით. ქრისტე ამბობს: იყავი სრულყოფილი, როგორი სრულყოფილიც არის შენი ზეციერი მამა. ხარ ასეთი? არა ხარ.
ეხლა წარმოიდგინე, რომ შენ პატარა ხარ, დაპატარავდი. დასვი შენი თავი ხელის გულზე და მოუჭირე. აი ესე უნდა გყავდეს საკუთარი თავი. აბა ვინ გითხრა, რომ ადამიანობა ადვილია? ეს რომ ადვილი საქმე იყოს, მაშინ ქვეყანა დიდი ხნის დამშვიდებულ დაწყნარებული იქნებოდა, მაგრამ უბედურება რაშია იცი? მთლად ჩვენ თავს ვერ ავიყვანთ ღმერთის დონემდე. თუმცა აღზრდის ამოცანა ეს არის, რომ ბავშვები ესეთი გავხადოთ და ჩვენც გავხდეთ, მაგრამ ცოტათი მაინც მოვიცილოთ. იმიტომ რომ როცა მივალთ უფალთან, ღმერთს ეტყვი რა ვქნა ღმერთო, ხო ხედავ როგორი ცხოვრებაა იქაო? ეს რომ უთხრა გამოგაგდებს, გეტყვის წადი ისევ იქ დაბრუნდი, არაა შენთვის ცათა სასუფეველიო.
ამიტომ ჩემო ძვირფასო უნდა ლიმონივით გამოწურო, რაც არ ვარგა შენში. ეს არის თვითაღზრდა და თუ საკუთარ თავს არა ზრდი, ჩათვალე რომ შვილს ვერ გაზრდი.
ცხოვრება სიბრიყვეებს გვთხოვს ძალიან ხშირად
სიბრძნეები ვიცით აუარებელი, სიკეთეები ვიცით, მაგრამ ცოტას გავაკეთებსთ სიკეთეს, ცოტას დავუჯერებთ სიბრძნეს, უფრო მეტად დავუჯერებთ რასაც ცხოვრება გვთხოვს ეხლა, და ცხოვრება სიბრიყვეებს გვთხოვს ძალიან ხშირად. სისულელეებს გვთხოვს რომ გავაკეთოთ. მერე კიდეც გვრცხვენია, რატო გავაკეთე ეს, ან იმ ადამიანს რატომ ვუთხარი ეგეთი სიტყვა, ან იმან რა დამიშავა რო მძულს, ან იმისი რათა მშურს? მერე შეიძლება ვიღაცა ჩაფიქრდეს ამაზე, მაგრამ ხო ვაკეთებთ ამას და ვიცით რომ არ უნდა გავაკეთოთ. ხედავთ? ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არა გვაქვს, ანდა გვაქვს უარყოფითი.
შალვა ამონაშვილიეს უნდა იყოს შენი პირველი დობილი!
გოგო გყავს? დობილები გყვანან ხო? ხანდახან ხვდებით ხოლმე მეგობარი ქალები ერთმანერთს? რო ხვდებით რაზე ლაპარაკობთ? აი შეიკრიბეთ და უნდა იჭორავოთ მესამეზე, იმიტო რო ჭორაობა ყოველთვის მესამეზეა, მე შენზე ვერ ვჭრაობ როცა შენთანა ვარ, როცა შენთან არ ვიქნები მაშინ ვიჭორავებ შენზე. ამ ჭოროაობის დროს რას ვუამბობთ ერთმანერთს? რაღაცა საიდუმლოებს რაც გულზე გვადევს არა? მინდა რომ ეს ამოვიღო და შენს სეიფში შევინახო, იქ ჩავკეტო და დავმშვიდდები ცოტა ხანს.
აი ეს უნდა იყოს შენი პირველი დობილი, დობილებს შორის არის დიდი და პატარა? ერთი უბძანებს და მეორე ემორჩილებაა? აი პირველი დობილი ეგ არის,
მეგობრად უნდა გაზარდო რომ შვილი გაგიხდეს. ეს სიბრძნე რატომღაც ძნელად ედება ადამიანს თავში, და თუ გაიგო გაკეთება არ უნდა, კი ვიციო იტყვის, ჰუმანური პედაგოგიკა, მაგრამ კეთება არ უნდა ჰუმანური პედაგოგიკის და პედაგოგიკა კეთებაში იწყება და არა ცოდნაში.
ბავშვი - მოვლენა
იცი რა ხარ შენ? - ეს სამკუთხედი ხარ, ამ გვერდზე წერია რომ მთელს ქვეყანაზე ხარ მოვლენა. შენ მოევლინე ამ ქვეყანას. მეორეზე წერია, რომ შენ შენი გზა მოიტანე, შენი ბილიკი. შენი მისია, შენი დანიშნულება გაქვს გულში, სულში. ეს უნდა ამოიკითხო შენში. ვერავინ ვერ გეტყვის რა არის ეს, შენ უნდა თვითონ მოძებნო შენს თავში. მესამე ის არის, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, შენს სულს ყველაფერი შეუძლია, შეზღუდვა სულისთვის არ არსებობს. მარტო სხეულო თუ შეზღუდავს სულის ნებას. როგორც აზრი გაფრინდება ცისკენ, ისე შენი სხეული ცისკენ ვერ გაფრინდება. სხეული გზღუდავს.
აი ესენი არიან თქვები ბავშვები - მოვლენები. თუ ბავშვი მოვლენაა და თუ თავისი გზით მოვიდა, თავის თავში უკვე ეს გზა ჩადებულია და თუ მას უკვე ყველაფერი შეუძლია, როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს? როგორ? ბრძანებებით? - არ შეიძლება. მაშ როგორ? - თანასწორობით. აი მე დიდი ვარ მართალია, ის პატარაა. დიდს დიდი გამოცდილება აქვს, ნაკითხობა აქვს, ცხოვრება გავლილი აქვს უკვე დიდი. პატარა მონდობილია ამ დიდზე, მაგრამ ჩვენ არც კი უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი. უნდა გავუტოლო თავი.
თითის ქნევა | ავტორიტარიზმში ბავშვის აღზრდა
არ მოიქცე ისე, მოიქეცი ასე, არ წახვიდე, არ მიხვიდე, გააკეთე, დაანებე თავი და ბრძანებლობა სახლში - ეს არის პედაგოგიკა თითის ქნევით. ეს თითი ძაან საშიში თითია, საჩვენებელი თითი ყველაზე გაუზრდელი თითია ჩვენს თითებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ გზა უჩვენო ბავშვს, თითს უქნევ. თითის ქნევა რა არის? - მუქარა. ესეიგი ხან თითს უქნევ, ხან სიტყვით უქნევ თითს. განა მართლა თითის ქნევაა საჭირო. ბავშვები იზრდებიან ჩვენს ავტორიტარიზმში. ცნობიერ თუ არაცნობიერ ავტორიტარიზმში. და გგვგონია რომ ბავშვი თუ მაგრა არ ჩაიჭირე მუჭაში, ის ხელიდან გაგისხლდება და თავზე დაგაჯდება მერე. მაგრამ ბავშვი თავზე დაგაჯდება მაშინ როცა გონიერს არ გახდი მას, როცა მას კულტურის და ზნეობის მაგივრად, შიშს ჩაუნერგავ. მორჩილებას ჩაუნერგავ, შენს აზრებს ჩაუდებ თავში, ნაცვლად იმისა რომ თავისი აზრები განავითაროს. შენს ნებას ჩაუდებ, მეტიც, შენც პროფესიას დააძალებ ბავშვს და გამოვიდა, რომ ბავშვი ჩვენ მივიმსგავსეთ. როგორც ჩვენ ვართ ისეთი გვინდა იყვნენ ბავშვები, განვითარდება ქვეყანა ესეთი ბავშვებით?
შალვა ამონაშვილიძალიან ვნანობ ...
რას ნანობთ ყველაზე მეტად? - მაქვს ბევრი სინანულის განცდა, პირველ რიგში დედაჩემის მიმართ მაქვს სინანულის განცდა, მე რომ დავქორწინდი წავედი სახლიდან, და როცა გავიდა წლები და დედაჩემი მიდიოდა ცხოვრებიდან, საავადმყოფოში იწვა და მას დავუჯექი საწოლზე. ენატრებოდა ყოველთვის ჩემი ნახვა, მე გავდიდკაცდი: დირექტორი ვარ, გენერალი ვარ და ასე... იშვიათად ვნახულობდი და რა მითხრა იცით? შვილო, როცა შენ მოდიოდი სახლშიო, მე არ ვიცი რა ძალას ვატანდი ჩემს თავს, რომ ავმდგარიყავი და შენ შეგხვედროდიო, ისე რომ შენ არ გაგეგო, რომ მე ამ დღეში ვარო. აი ამას რო ვიხსენებ ხოლმე, ხან ტირილი მინდა. პატარა ეკლესიაში გავრბივარ, სანთელს ვანთებ და ვთხოვ: - დედა მომიტევე რა. რა თქმა უნდა მომიტევა, დიდი ხანია, მაგრამ ვნანობ, ძალიან ვნანობ ამას. ძალიან ვნანობ იმას, რომ ჩემ მეუღლესაც სიყვარული დავაკელი, ძალიან ვნანობ ჩემს ბებიასთან, მიყვარდა ბებია და ბოლომდე ეს სიყვარული ვერ მივიტანე, როგორც წერტილი ვერ დავუსვი ამას. მამასთან, სინანულის განცდა მაქვს, შევუსრულე ყველაფერი, მან მითხრა ომში წასვლის წინ, (მოხალისედ წავიდა) - შვილო ერთს გეხვეწები, არასოდეს სიგარეტი არ მოწიოო და შევუსრულე ეს პირობა მას, მაგრამ ბევრი რამე უნდოდა კიდე და ვერ შევუსრულე.
შალვა ამონაშვილისიყვარული არ გადადოთ ❤️
ვიდრე ადამიანი გყავს გვერდით, ცოლია თუ ქმარია შენი, ბებია ხარ თუ შვილიშვილია შენი, ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ გავასწრებთ, ჩვენ მორბენალები ვართ და ვინ წინ და ვინ უკან, ეს მხოლოდ უფალმა იცის. ამიტომ არ შეიძლება სიყვარული გადადო. ხვალ მოვეხვევიო, ხვალ ვაკოცებო, ხვალ შევულოცავო, ხვალ ვნახავო. ჯერ რა გვეჩქარებაო. სიყვარულში სულ უნდა გვეჩქარებოდეს! სულ ... და მე, როცა ჩემს სიყვარულს ვუყურებ ვალერიასთან, გული მწყდება, იქაც ხომ შემძლებოდა რომ მყვარებოდა, იქ გავუბრაზდი, იქ გავღიზიანდი, იქ ცოტა ხანს გაბუტულები ვიყავით და ეს ყველაფერი რომ დავაჯგუფე, რაღაც უკვე თვეებს აჭარბებს, და მიკვირს იცით, რატო ვქენი მე ეს კაცო? გამოდის რომ მე ის ეხლა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე მყვარებია
შალვა ამონაშვილიკიდე მეტყვით ზეციური სამყარო არ არსებობსო?
იცის იმან რომ უნდა წავიდეს, მეც ვიცი რომ უნდა წავიდეს, რომ დღეები უკვე ხელზე ჩამოსათვლელია.
მამაო მოვუყვანე რომ ზიარება მიიღოს. ექიმმა მითხრა, რომ მაქსიმუმ 3 დღე იციცხლოსო, ვეჯექი გვერდით ხელი მეჭირა მისი და როცა თვალები გაახილა, რაღაც წერტილს დაუწყო ყურება, უყურებს და არაფერს არ ხედავს. იქიდან ესმის მას, მე ასე ვგრძნობ, რომ არიგებს მას, ვიღაცა არსი, რომ ასე უნდა ისუნთქო, და სუნთქავს თითქოს ჯაჭვი უნდა აწყვიტო.. მეთოდურად, თვლით, რიტმულად წყვეტ ჯაჭვს, წყვეტ და გიხარია. ჩემს ხელში მისი ხელი ჩაცხრა. არაფერს არ ხედავდა გარდა იმისა, - კიდევ მეტყვით რომ ციური სამყარო არ არსებობსო?! ეს ჩემთვის ისეთი ნათელი, ხელშესახებია. სურათი რომ გადაგვეღო, იქ ვიღაცა ანგელოზი, ვიღცა არსი გამოჩნდებოდა.
მწვანე წითლის ნაცვლად | სამაგალითო პედაგოგიკა
მეორე კლასია, შევდივარ გაკვეთილზე და ბავშვებს ვურიგებ მათემატიკის საკონტროლო რვეულებს, (ეს იყო 60 იანი წლების დასაწყისში, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩამოყალიბებული, ვეძიებდი) დავურიგე ბავშვებს ეს რვეულები.
ერთი პატარა გოგო იყო ლელა, ფანჯარასთან იჯდა. ეხლაც მახსოვს წარმოდგენით: ფუნთუშა , თეთრი თმებით, თეთრი ქათქათა გოგო. ატირდა ეს ლელა, ტირის: არ მიყვარს მათემატიკაო, მე კიდევ ბავშვის ტირილს ვერ ვიტან, მე მინდა ვიტირო მის მაგივრად.
მივედი, ვეალერსები: - ლელა, შენი ჭრიმე, რა მოხდა, რატო არ გიყვარს მათემატიკა? - სულ წითელი, წითელი, წითელი... ესეიგი რვეულში, რომ წითელი ხაზები გვქონდა გასმული, ნიშნად შეცდომებისა. შეცდომა, შეცდომა, შეცდომა... დახედა ბავშვმა ამ შეცდომებს და გადაირია, სულ შეცდომებში ყოფილა და ატირდა. ეხლა ლელა როგორ დავამშვიდე ეგ ერთი ამბავია, მაგრამ ჩემში რა მოხდა? სწორედ იმ დღიდან, გავაქრე წითელი მელნის ხმარება ბავშვის რვეულებში, ეს გავაქრე არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელს პირველ ექსპერტულ სკოლაში, ამოვიღე ხმარებიდან წითელი მელანი. რა ვიხმაროთ? - მწვანე. რა გავაკეთო მწვანე მელნით? -შეცდომები კი არ ეძებო ბავშვისა, ეძებე წარმატება! აი თუ ასო დაწერე ლამაზად გახაზე, სიტყვა გამოუვიდა სწორი - გახაზე. ეძებე წარმატება, ხომ აქვს? არ შეიძლება ყველაზე ჩამორჩენილსაც კი ერთი რაღაცა არა ქონდეს. აი ამ მწვანეებით უთხარი - რა კარგი ხარ, მომწონხარ, მომწონხარ, მომწონხარ.
რა ვუქნათ წითელ მელანს? - დაიდე შენს გვერდით და თუ ბავშვს შეცდომები აქვს ამოწერე შენთვის რვეულში, ეს შენი შეცდომებია. ცუდად აუხსენი, კარგად ვერ უთხარი, ვერ გააგებინე, არ მოაწონე და შეცდა ბავშვი, ვერ დაიხსომა და ვერ ისწავლა. მაშ გაასწორე ეს!
ეს იყო და ეს როცა ბავშვების ცხოვრებაში შევიდა სიხარული. იმიტომ რომ ასწრებს, ყველა ხედავს რომ ასწრებს. ჰუმანურ პედაგოგიკას პრინციპი აქვს, ბავშვი უნდა ატარო სიხარულიდან სიხარულამდე, წარმატებიდან წარმატებამდე. აი ეს მითხრა ლელამ, პატარა გოგონამ. პედაგოგიკაში მოახდინა გადატრიალება. ეხლა დიდია და ალბათ იცის ეს ამბავი, იმიტომ, რომ ხშირად ვწერ და წაკითხული ექნება, დიდი ხანია არ მინახავს. მაგრამ გადატრიალება მოხდა, ეს უკვე ჩემი მეთოდი კი აღარ არის, მსოფლიოში დასეირნობს ეს მეთოდი.
მასწავლებელი იმ ერთი ბავშვისთვის
მასწავლებელი გაჩენილია ერთი ბავშვისთვის, ის ერთი ბავშვი რაღაცა დროს მოვა მასთან, მის ხელში გაივლის ათობით, ასობით მოსწავლე, მაგრამ ის ერთი ბავშვი ერთადერთია, რომელსაც სწორედ ეს მასწავლებელი სჭირდება. რაღაცა დროს მოვა ეს ბავშვი შენთან. მაგრამ შენ არ იცი, როდის მოვა და ვინ იქნება. ამრიგად, ჩემს წინაშე რა ამოცანა დგება? - ვინც არ უნდა მეჯდეს წინ, ყველა ის ერთია ჩემთვის!
შალვა ამონაშვილიქრისტე მოვიმარჯვე
ერთ ისტორია გავიხსენებ, ეს იყო რამდენიმე წლის წინათ, როცა ჩემმა შვილმა პაატამ, თბილისში ჩამომიყვანა,იმიტო,მ რომ წკპიზე ვიყავი შემდგარი. ძალიან მაწუხებდა გული.
მე ვიფიქრე, შემიძლია თუ არა ჩემი სიჩუმით დავიხსნა თავი. იქნებ ვერ ვასწრებ ექიმთან მისვლას და რატომ წავიქცე, თუკი შეიძლება ჩემი აქ კიდევ შენარჩუნება, ვცადო.
აი ასე, დავდგებოდი ხოლმე ქრისტეს ხატის წინ ( მიყვარს ერთი ძველი ხატი მაქვს ქრისტესი.) წამოვიდგენ რომ ის ჩემში შემოდის, ჩემშია, მე აღარ ვარ ჩემში და აწესრიგებს ჩემი გულის მდგომარეობას.
ალბათ უფალი მაპატიებს ამის გამო, იმიტო რომ გავაკეთე ეს. აწესრიგებს ამას და მე ვგრძნობ როგორ მოძრაობს ის, რაღაცა ხდება გულში, ბუსუსებს მაყრის და ჭრუანტელი მივლის ტაში, იოლი არ არის, მაგრამ მიჩვევა შეიძლება...
ანუ ფსიქოლოგიურად განიკურნეთ?
ფსიქოლოგიურად დაარქვით მაგრამ, მე ქრისტე მოვიმარჯვე ამ ფსიქოლოგიისთვის. მეექვსე სტენდი აღარ ჩამიდგამს, ხუთი მიდგას და იმის შემდეგ 5-6 წელიწადი გავიდა.
სიჩუმის სიკეთეები
სიჩუმეს კიდევ ორი ძვირფასი თვისება აქვს. პირველ შემთხვევაში არაფერს არ ვფიქრობ, თვითონ მოვა რაღაცა. მეორე შემთხვევაში, იდეას ჩავიფიქრებ, რაღაც მინდა გავაკეთო და შემეშველეთ, როგორ გავაკეთო მე ეს? იმიტო, რომ უხილავი მშველელები არიან, ჩაგაგონებენ ანგელოზები. იდეას ამუშავებ და ეს იდეა ტრიალებს, როგორც ბურთი და ყველა მხრიდან გაჩვენებენ ამ იდეას და ღრმავდები ამ იდეაში.
შალვა ამონაშვილიუფალს რომ ნახავთ, რას ეტყვით?
უფალს რომ ნახავთ რას იზამთ ან რას ეტყვით? - ღმერთმა უფალი მაჩვენოს, მაგრამ მართლა ასე არ არის, წავიდე უფალი ვნახეო, შეიძლება ვნახო და დავუჩოქებ მე მას, მე მას მადლობას ვეტყვი რომ ვცხოვრობდი, და ვიცხოვრებ იმის გამო რო მოვკვდე და მასთან აღმოვჩნდე.
- და რას შესთხოვთ? - არაფერს არ შევთხოვ, ყველაფერი მისი ნება აღსრულდეს და მათ შორის ჩემი მეშვეობითაც, ვიყო მისი იარაღი, აი ამას შევთხოვ, იმიტო რომ მას ყველაფერი ესმის, ეყურება და იცის საითკენაც მივდივართ, აი ჩამაგონოს ის რაც მას უნდა რომ მე ვასრულო
განათლება სიყვარულით
ჩემი აზრით, ეს განათლება ბევრი რამით შეიცვლება, მაგრამ, პირველ რიგში განათლების ხარისხი და ღირსება დამოკიდებული იქნება, არა ტექნიკაზე, რომელიც შემოვა, საოცარი ტექნიკა შემოვა. ეს მობილურები და კომპიუტერები წავა, ესენი უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ სხვა უნდა მოვიდეს მათ ადგილას. მაგრამ განათლების ხარისხს, ესენი ვერ შეცვლის, ვერც პროგრამები, ვერც გამოცდები, ვერაფერი... ამას შეცვლის პიროვნება, მასწავლებელი, რომელიც ბავშვის გვერდით იქნება. - ხელოვნური ინტელექტი ვერ ასწავლის? - ხელოვნურ ინტელექტში ჩვენ ვერ ვაწყობთ ჯერ გრძნობებს, სიყვარულს ვერა ვდებთ მასში.
შალვა ამონაშვილიცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა
თუ კაცი კარგ რაღაცას აკეთებს საერთო კეთილდღეობისთვის და არა თავისთვის, ცა რაღაცა დღეებს უგრძელებს, მე კი ცისა მწამს, დღეებს უგრძელებს გამიგეთ, დღეებია დათვლილი. მე დღეს 33793-ე დღეში ვარ, 1931 წლის 8 მარტიდან და ამას ვანგარიშობ დიდი ხანია და ყოველ დღეს ვუფრთხილდები.
როცა ცა ხედავს და მე კი მჯერა იმისი, რომ ამ კაცს თუ რაღაცა აქვს სათქმელი, რომელიც მარტო ამან უნდა თქვას და სხვა ვერ იტყვის, მაშინ მივცეთ ცოტა ხანი დრო, ეს ერთადერთი მოწმეა რაღაცისა და თუ ეს არ დაამოწმა ვიღაცა დაზიანდება, მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა, რომ ეს დაამოწმოს.
თუ კაცი კეთილ საქმეს ემსახურება ...
თუ კაცი კეთილ საქმეს ემსახურება, საერთო კეთილდღეობას თუ ემსახურება, მას მიეცემა. რაღაც გზებით მიეცემა!
შალვა ამონაშვილიმე მოვლენილი ვარ | კლასიკური პედაგოგიკა
60-იანი წლების რაღაც პერიოდში, 69-ში თუ 67-ში, მე რელიგიური კაცი გავხდი. როდესაც მე სახარება წავიკითხე, მივხვდი, თურმე კლასიკური პედაგოგიკა, რატომ არის კლასიკური. გოგებაშვილი ან კომენსკი, ან ვესტალოცი, ან უშინსკი, რატომ გახდნენ კლასიკოსები? და აღმოვაჩინე, რომ ყველა ეს კლასიკოსი, ქრისტეს მოძღვრებას ემყარება, ყველა პედაგოგიკის კლასიკოსი. აი ამ რწმენამ მიმიყვანა აქამდე.
ვინა ვარ მე? ცუდად არ გამიგოთ თითქოს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. მე მოვლენილი ვარ აქ დროებით. მომავლინა ცამ, რომ რაღაც უნდა გავაკეთო აქ და რა უნდა გავაკეთო გულმა უნდა მიგრძნოს. აი ვაკეთებ რასაც გული მიგრძნობს და მიხარია. მე არა ვშრომობ, რასაც ვაკეთებ მიხარია, მინდა რო ვაკეთო.
რასაც ვაკეთებ, ვინ მაკეთებინებს ყველაფერ ამას? იმიტომ, რომ ძალიან მემართება ხელი ყველაფერში. არაფერში არ მეცრება ხელი.