Wisdom
ვინც არ გიყვარს
ვინც არ გიყვარს, იქ არის შენი სულის დაზგა. ვინც არ გიყვარს - შეიყვარეთო - ქრისტე ამბობს. არ გიყვარს? - შეიყვარე. პატივი ეცი ჯერ, ყურადღებით მოექეცი, აამაღლე, მოეალერსე და თანდათანობით ეს ყველაფერი სიყვარულსაც ამოზრდის შენში მის მიმართ. მან თუ არ შეგიყვარა, დაანებე თავი. მთავარია, რომ შენ გიყვარდეს.
შენი სული ალმასია. იქიდან შეიძლება ბრილიანტი გამოვიდეს. ალმასი კარგია, მაგრამ ბრილიანტი - ფასდაუდებელია. ვისზეა დამოკიდებული შენი ალმასის ბრილიანტად ქცევა? - მხოლოდ შენზე
ადამიანის სული ალმასიაო - თქვა ერთმა ბრძენმა. მაგრამ თავად ადამიანზეა დამოკიდებული, გახდება ეს ალმასი ბრილიანტი, თუ არ გახდება
ნათქვამია, თქვენი დღეები დათვლილიაო. დღეები დათვლილი მქონია მე. მე მართლა ვითვლი დღეებს და ვუფრთხილდები. როცა ეს გავიგე, რომ თურმე ჩემი დღეები დათვლილია, მას მერე ყველა დღეს ვუფრთხილდები, მათ შორის - დღევანდელ დღესაც. მაშასადამე, დღეები უკვალოდ არ უნდა წავიდეს.
სულის სრულყოფას მივყავართ ზნეობის სრულყოფამდე, ურთიერთსიყვარულამდე, მეტად გვესმის ერთმანეთის და ცხოვრებაც უფრო ლაღი ხდება
კაცი გარბის სახლიდან
კაცი გარბის სახლიდან, ახალი შეყვარებული ჰყავს, - ხომ მაქვს პირადი ბედნიერების უფლებაო. - გაქვს, მაგრამ აქ რომ დაანგრიე სხვისი ბედნიერება? ამას რა ვუყოთ? ამ ნანგრევებში რომ ბავშვები მოყვნენ, რა ვუყოთ ამას ჩვენ?
ეძებ ბედნიერებას? - გაეცი და მოგეცემა. გახადე სხვა ბედნიერი, რომ შენ გახდე ბედნიერი
აღზრდა ხელოვნებაა, ვინ რა ჭკუაზე და ხასიათზე ვართ, ისე ვზრდით. დაანებებ გაღიზიანებას თავს? - სხვანაირი შვილი გაგეზრდება. აღზრდა ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული, ხასიათი როცა სრულყოფილი ხდება, აღზრდაც და საერთოდ ყველაფერი, ჩვენი ცხოვრება ლამაზდება მთლიანად
ლოცვა არის ჩვენი ცხოვრების ყველა კეთილი საქმე, რასაც სიყვარულით ვასრულებთ
ის, რითაც ამ ქვეყნად მოვედი, ღმერთის საჩუქარია ჩემთვის. ის, რითაც ამ ქვეყნიდან წავალ, ჩემი საჩუქარი იქნება ღმერთისთვის
ჩვენ ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია, ეს ჩვენი სულია
ცხოვრება ისეთია, როგორებიც ჩვენ ვართ. არავინ არ თქვას - ცუდი ცხოვრება არისო. შენ ხარ ცუდი და ცუდად გეჩვენება, გახდი კარგი და კარგს დაინახავ. თვალები ხედავენ იმას, რაც შიგნიდან მინდა დავინახო. ჩემი განწყობები ხედავენ და არა - თვალები. ე.ი შინაგანი მდგომარეობა ხედავს, ესაა მხედველობა
რა სრულვყო ჩემ თავში?
რა სრულვყო ჩემ თავში? - პირველ რიგში აზრი დავიმორჩილო და მეორე რიგში - სიყვარული გავაფართოვო და ესენი ერთმანეთს შევურწყა. როცა ვაზროვნებ სიყვარულით, ეს სხვა აზროვნებაა. როცა ვაზროვნებ სიყვარულის გარეშე, ეს სხვა აზროვნებაა. სიყვარულით აზროვნებაში უფალს უახლოვდები, უსიყვარულოდ აზროვნებაში - მცირდები
აზრი ყველაფრის საწყისი ენერგიაა, მაგრამ სიყვარული ყველაფრის შემოქმედი ენერგიაა. ეს ორი ერთად აშენებს ქვეყანას
როცა გეცოდინებათ, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი, გზებსაც მონახავთ, როგორ გააკეთოთ. როცა ამოცანას დაისახავთ, იქ გზებიც გამოინახება
აზრით შენდება ქვეყანა. ჯერ უნდა დააპროექტო, რომ მერე ააშენო. ჯერ უნდა იზრუნო ადამიანზე, რომ მერე რაღაც გამოგივიდეს [აღზრდაში]. აზრი ქმნის ცხოვრებას, მაგრამ, თუ აზრი არეულია, ისევე ვცხოვრობთ გარე სამყაროში. რაც თავში გვაქვს, იმას ვავლენთ გარეთ. რაც თავში არ გვაქვს, იმას არც ვაკეთებთ
ჩვენ გარდამქმნელი აზროვნება გვაქვს
ჩვენ მოაზროვნე არსებანი ვართ. ცხოველთა სამყაროშიც არის აზრი, მაგრამ გარდამქმნელი აზრი არ არის მათში. ჩვენ გარდამქმნელი აზროვნება გვაქვს. ძაღლი თავის ლეკვებს წიგნს ვერ დაუწერს, ვერ დაარიგებს, თავის გამოცდილებას ვერ გადასცემს. ასწავლის იმას, რაც მათში ბუნებითაა ჩადებული და იქ გაჩერდება. ხოლო ჩვენ ვიზრდებით წინა თაობების ცოდნაზე და გამოცდილებაზე. ასევე, მომავალ თაობასაც დავუტოვებთ ჩვენ ცოდნასა და გამოცდილებას, ნაკლებად რომ იწვალონ და მეტად დაწინაურდნენ
შვილის სული ვერ აღიზრდება მუქარით, გაღიზიანებით
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული. ----- ვერ აღზრდით შვილის სულს გაღიზიანებით, ჯიჯღინით, ჩხუბით, დამუქრებით...
ჭეშმარიტი ჰუმანური განათლება სულის აღზრდაში მდგომარეობს
მრისხანე ადამიანი ვერ შეძლებს მოიპოვოს ჰარმონია და თანაცხოვრების წინსვლა
გაღიზიანების დროს ყრუები და ბრმები ვხდებით. ადეკვატურად ვერ აღვიქვამთ გარემოს
გაღიზიანება ვერაფერს ვერ შეცვლის კარგისკენ, ცუდისკენ - კი
მიიღეთ ცხოვრებაში ყველაფერი ისე, როგორც ხდება. ხდება ეს უკვე. გაღიზიანება ვერ გიშველის, ძალებს დაკარგავ. თუ შეგიძლია უშველე, დაეხმარე, გადაარჩინე, ჩააქრე,.. გაღიზიანება ვერაფერს ვერ შეცვლის კარგისკენ, ცუდისკენ - კი
გაუძელით გაღიზიანებას, იყავით მშვიდად ერთი თვე, და მერე აღარ მოგინდებათ უკან დაბრუნება