ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი

სიკეთე არის, როდესაც გიხარია, რაღაცას რომ გააკეთებ და სხვა ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, დაეხმარები რაღაცით სხვა ადამიანს და ეს გიხარია.

მე დავაკვირდი, რომ ის ხალხი რომელთანაც მქონია ურთიერთობა ორ ჯგუფად იყოფა, არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ როდესაც მათ უკეთებენ რაღაცეებს და არიან ადამიანები, რომლებსაც პირიქით ძალიან უხარიათ, თუ სხვას შეუძლიათ რაღაცით ასიამოვნონ, რაღაცა გაუკეთონ, ალბათ სიკეთე მაგითი გაიზომება, როდესაც შენ სხვისი კარგად ყოფნა გიხარია და გიხარია შენ თუ შეგიძლია ამას შეუწყო ხელი.

ზურაბ ჟვანია
სიკეთე

ჯურღმულიდან ამოსვლა

კითხვები რომ მრავლდება, ამის არ უნდა შეგვეშინდეს. რატომ? - იმიტომ, რომ ასე შეგვიძლია შევადაროთ, წარმოიდგინეთ ჯურღმულიდან ამოდიხარ, ჯურღმულიდან რომ ამოდიხარ დიაპაზონი ფართოვდება და სულ უფრო და უფრო ბევრ რაღაცას ხედავ, რა თქმა უნდა რაც უფრო მეტ რაღაცას ხედავ მეტი კითხვაა, მარა ის ხომ კარგია რომ ჯურღმულიდან ამოდიხარ?! ამიტო კითხვები რომ მრავლდება ეგ კარგი ტენდენცია, .ეს მაგალითად, მე - 19 საუკუნის ბოლოს ეგონა ვიღაც ფიზიკოსებს, რომ ფიზიკა დამთავრდა, რომ რაც აღმოსაჩენი იყო აღმოაჩინეს. - ეს პროცესი დაუსრულებელია, - რა თქმა უნდა.

გია დვალი
ჯურღმულიდან ამოსვლა

ცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა

თუ კაცი კარგ რაღაცას აკეთებს საერთო კეთილდღეობისთვის და არა თავისთვის, ცა რაღაცა დღეებს უგრძელებს, მე კი ცისა მწამს, დღეებს უგრძელებს გამიგეთ, დღეებია დათვლილი. მე დღეს 33793-ე დღეში ვარ, 1931 წლის 8 მარტიდან და ამას ვანგარიშობ დიდი ხანია და ყოველ დღეს ვუფრთხილდები.

როცა ცა ხედავს და მე კი მჯერა იმისი, რომ ამ კაცს თუ რაღაცა აქვს სათქმელი, რომელიც მარტო ამან უნდა თქვას და სხვა ვერ იტყვის, მაშინ მივცეთ ცოტა ხანი დრო, ეს ერთადერთი მოწმეა რაღაცისა და თუ ეს არ დაამოწმა ვიღაცა დაზიანდება, მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა, რომ ეს დაამოწმოს.

შალვა ამონაშვილი
ცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა

როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილები?

ბედნიერი ბავშვები როგორ გავზარდოთ უბედურ ოჯახში? - არ გამოვა! მაშინ ეს ჩემი შვილი ვიღაცამ უნდა წაიყვანოს და იქ დაანახოს ბედნიერება. სხვაგან თუ ვერ დაინახა ბედნიერება, ოჯახში ის ამას ვერ ხედავს, გამოდის, რომ ის ბედნიერი ვერ იქნება.
როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილები? - იყავით ბედნიერები და ბედნიერი შვილები გაეზრდებათ. აქსიომაა!
სიყვარული სიყვარულით აღიზრდება;
სიკეთე - სიკეთით;
გულწრფელობა - გულწრფელობით;
სინდისი - სინდისით;
დიდსულოვნება - დიდსულოვნებით და ასე შემდეგ.
ამრიგად, ოჯახის ბედნიერება ზრდის ბავშვის ბედნიერებას

შალვა ამონაშვილი
როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილები?

ბედისწერა ვაქციოთ ნებისწერად

ჩვენ უნდა ვეცადოთ და საკუთარი ნებელობით გარდავქმნათ ბედისწერა, ანუ გარკვეულწილად ბედისწერა ნებისწერად ვაქციოთ და ყველაზე უფრო რთული, ჩიხური მდგომარეობები, რომლებიც გარკვეულწილად, ბუნებრივია, შეიძლება ჩვენთვის ბადებდეს განცდას, რომ რეალურად ეს უკვე დასასრულია, შეგვიძლია ვაქციოთ ახალი დასაწყისის ფუძედ. შეიძლება ეს ვიღაცას ყალბ, ქოუჩირ ფრაზებად მოეჩვენოს, მაგრამ არა მაინცდამაინც მეტერლიგისაგან, რომელიც ნობელის პრემიის ლაურიატია და რომელმაც ზუსტად იცის სად გადის ზღვარი ყალბ პათეთიკასა და ზუსტ გამოსავალს შორის.

გიორგი კეკელიძე
ბედისწერა ვაქციოთ ნებისწერად

გადამეტებული მოლოდინები იწვევს იმედგაცრუებას

გადამეტებული მოლოდინები არამარტო იმედგაცრუებას იწვევს, არამედ ჩვენი მოქმედებებიც, თითქოს, აგებულია ჩვენსავე მოლოდინებზე. მაგალითად, ხელი ავწიოთ, ვის გვინდა, რომ ლატარიაში მოვიგოთ ჯეკპოტი? რამდენიმეს ვხედავ, ვინც ხელს არ იწევს - "კი მინდა, მარა მრცხვენია რაცხა". ახლა შემდეგი შეკითხვა, ვის აქვს ბილეთი? ეს მაგალითი ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი მოქმედებები აგებულია არა იმაზე რა გვინდა, არამედ ჩვენს მოლოდინებზე, ჩვენ ხომ მოლოდინები გვაქვს: "მაინც ვერ მოვიგებ! როგორ მოვიგებ, როცა მილიონი კაცი თამაშობს?!" მაგრამ გვინდა...

დავით გოგიჩაიშვილი
გადამეტებული მოლოდინები იწვევს იმედგაცრუებას

რისგან უნდა გავთავისუფლდეთ?

ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ყველა დამოკიდებულებისგან, რომელსაც გვიქმნის სიტუაცია. კამიოსთან არის - საით შეიძლება მიდიოდეს ადამიანი? მპყრობელობისკენ, რომ ძალაუფლება ჰქონდეს. მეორე - დამგროვებლობისკენ, რაც შეიძლება მეტი პოპულარობა რომ მოვიპოვოთ. ცნობადი სახე რომ გავხდეთ. მეტად რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი. იყავი ის, რაც ხარ!

პირველ რიგში, ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. რასაც ვაკეთებ, რასაც ვმოქმედებ, ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა უნდა იყოს ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. მე უნდა ვიყო მისი პასუხისმგებელი

ნანა ჩაჩუა
რისგან უნდა გავთავისუფლდეთ?

სამი დიდი აღმოჩენა

რა ხდებოდა ასეთი, ეს სამი დიდი აღმოჩენა რომეელია? ეს არი ერთი ის, რომ მცენარისა და ცხოველის უჯრედს ერთნაირი აგებულება აქვს: გარსი, ციტოპლაზმა და ბირთვი. ეს დიდი აღმოჩენა იყო, რომ მცენარისა და ცხოველს ერთი აგებულება აქვს უჯრედულ დონეზე. და განვითარების უზოგადეს კანონებს, რომ ჩაწვდე, ეს უნდა იცოდე, რომ რაღაცა აქ ერთიანია.

მეორე - ენერგიის მუდმივობის კანონი. ენერგია არც იკარგება და არც იქმნება, მხოლოდ ერთი სახიდან მეორე სახეში გადადის.

და მესამე - ევოლუციური თეორია, რომლის მექანიზმი არის მემკვიდრეობისა და ცვალებადობის უნარი.

ნანა ჩაჩუა
სამი დიდი აღმოჩენა

ოჯახში იცით დათმობა?

დაუთმე!
დაუთმე დედამთილს,
დაუთმე რძალს,
დაუთმე ქმარს,
დაუთმე ცოლს,
დაუთმე, თუ ცა არ ინგრევა - დაუთმე!
და თუ ცა ინგრევა, მაშინ, ტიტანივით უნდა დადგე და დაიჭირო ცა, ეგ სხვა ამბავია. თუ არ გადატრიალდება ქვეყანა და ტრაგედიები არ მოჰყვება ამას, დაუთმე!
იტყვიან ხოლმე, ვირზე შეჯდა კაციო.
არ არის პრინციპების დრო. "პრინციპულად არ დავუთმობ" - რას ქვია არ დაუთმობ, პრინციპულად თუ არ დაუთმობ, პრინციპულად უბედურება მოგადგება!
როგორ გვიჭირს ეს დათმობები, არადა, ბედნიერები გვინდა ვიყოთ. ერთმანეთი გვინდა გვიყვარდეს ძალიან, დათმობები კი გვიჭირს

შალვა ამონაშვილი
ოჯახში იცით დათმობა?

სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა

ადრე, როდესაც იყო ადამიანის დანიშნულება, სიცოცხლის აზრი და ადამიანის საზრისი ზოგადად, მისია, ფუნქცია, განზრახვა ადამიანის იყო, სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა.

სრულყოფილების ხატი შეიძლება სხვადასხვა რელიგიაში, სხვადასხვაგვარი ჩანდეს, მაგრამ სწრაფვა ერთიდაიგივე იყო, იმ ხატისკენ ისწრაფოდა ადამიანი.

ის ბარიერები, რომელიც ექმნებოდა ამ სრულყოფილებისკენ სწრაფვისას, ეს ბარიერები იყო ადამიანის სისუსტე, ესე იყო ყველა რელიგიაში. დღეს ლოგიკა შეატრიალეს და ნაკლს ადამიანში კი არ ეძებს ადამიანი, ნაკლს სრულყოფილების ხატში ეძებს.

დავით მაღრაძე
სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა

ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯია?

სტუდენტებს ვეკითხები ხოლმე - ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯი?
საქმე იმაშია, რომ თუ ციცინათელა ნანახი გყავთ ცოცხალი, მწერებს შორის სულ არ არის სიმპატიური. ამიტომ, ვინც გეუბნება, რომ მახინჯია, მართალს გეუბნება. ვინც გეუბნება, რომ ლამაზია - ისიც მართალს გეუბნება.
ამათ შორის განსხვავება იცით რა იქნება? პირველი მთელი ცხოვრება სიმახინჯეებს დაინახავს, მეორე - სილამაზეებს.
ეხლა გადაწყვიტეთ, გინდათ დაინახოთ სიმახინჯეები და იყოთ უბედურები? დავიწყოთ იმით, თუ სად დავიბადეთ, რატომ ვართ აქ და ა.შ.
შეგიძლიათ დაინახოთ სილამაზეები და კარგად იყოთ

ზურაბ მხეიძე
ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯია?

სად დადიხარ, რომ დადიხარ?

ერთგულება საქმეში უნდა დაანახო, ხომ მართალია?

მამა სახლში ბრუნდება დროზე, არ დასეირნობს იქით აქეთ, ისე რომ ბოლოს სად არის ჩემი კარებიო. დროზე დაბრუნდება შინ, იმიტომ რომ ვინა ყავს შინ? - ცოლი, ეს მისი ქალია. ვინა ყავს შინ? - შვილი გაუჩნდა, 2-3 შვილი ყავს უკვე. ეს რა ცუდი მაგნიტია რომ მიგიზიდოს ოჯახში. ძლიერი მაგნიტია, შვილები გელოდებიან, სად დადიხარ, რომ დადიხარ?!

ასევე ცოლიც დახვდება, როგორ გაუღებს კარებს, როგორ მოეფერება, მოესიყვარულება, რას დაახვედრებს, არა?

ერთგულება სიყვარულის გამოცდაა და სიყვარული კი თავი და ბოლოა ჩვენი ცხოვრებისა.

შალვა ამონაშვილი
სად დადიხარ, რომ დადიხარ?

რა წარმოშობს ურთიერთობების პრობლემას?

დღეს საინფორმაციო ეპოქაა, და ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი გავიგოთ. რაც შეიძლება ღრმად გავაანალიზოთ კი არა, არამედ - ბევრი გავიგოთ.
ამიტომაც ხშირად ღრმა ანალიზისკენ მოგვიწოდებს უწმინდესი და უნეტარესი - ილია 2.
როდესაც ვიცით რაც შეიძლება ბევრი, მაგრამ, არ ვიცით, ამ ბევრის უკან რა არის, ვემსგავსებით ჩვეულებრივ მანქანებს, რომლებიც ასევე ინფორმაციას აგროვებენ და იძლევიან.
ურთიერთობების პრობლემაა. ურთიერთობების პრობლემა იწყება ხოლმე მაშინ, როდესაც საკუთარი თუ მოსმენილი აზრები ღრმად გაანალიზების გარეშე ჭეშმარიტებად გვაქვს მიღებული.

გიორგი გვასალია
რა წარმოშობს ურთიერთობების პრობლემას?

ვინ ვართ, როგორები ვართ, ...

ქართული გონიერება გაცილებით დიდხანს ითვლის, ამაზე საუბარი დაიწყო იოანე საბანისძემ აბოს წამებაში. ეს არის კლასიკური და უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლი, რომელშიც პირველად დაისვა ასეთი კითხვა: ვინ ვართ ჩვენ ქართველები, რანი ვართ, როგორები ვართ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის ყველაფერი. გრიგოლ ხანძთელიც, გიორგი ათონელიც, რომელიც კაციშვილმა არ იცის საქართველოში ვინ არის და ჩვენი სირცხვილი და თავზე ლაფდასხმაა ეს, რუსთველიც ამაზე პასუხს სცემს და ასე და ასე შემდეგ.

გია მურღულია
ვინ ვართ, როგორები ვართ, ...

პასუხი კითხვაზე "რატომ მიყვარს" უნდა მიიღო

ვნება არის ხოლმე დამაბრმავებელი. რატომ? როცა ეს მოთხოვნილება ჭარბად გვაქვს, ბევრ რამეზე ვხუჭავთ თვალს. ოღონდ მივიღო, და დავხუჭე თვალები. თურმე ეს მარიხუანას ეწევა. თურმე ეს სვამს...

როგორც კი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, გავახილე და ეეე ეს რათ მინდოდა საერთოდ?

პიროვნული თვისებები არის სტაბილური. ამიტომ ვამბობ, რომ თუ თქვენ გასცემთ პასუხს, ვინც გიყვართ, რატომ გიყვართ? ის იქნება სტაბილური. ვნება მოდის და მიდის.

იმას კი არ ვამბობ რომ ლტოლვა ვის მიმართაც გაქვს არ გიყვარს. რა თქმა უნდა გიყვარს, მაგრამ, პასუხი კითხვაზე - რატომ გიყვარს - უნდა მიიღო

ზურაბ მხეიძე
პასუხი კითხვაზე "რატომ მიყვარს" უნდა მიიღო

სახელის გასაკუთრება

ბიბლიაზე ვსაუბრობთ, როგორც წიგნთა წიგნზე. ბიბლია თვითონ წიგნს ნიშნავს, მაგრამ ისტორიაში ხდება ხოლმე ისეთი რაღაცეები, რის შედეგადაც სახელის გასაკუთრება ხდება.

მაგალითად, შეიძლება ბევრი ვიღაცა იხსნა, მაგრამ, როდესაც მხსნელს ვიტყვით, ერთ ვინმეს ვგულისხმობთ ამაში. გაისაკუთრა ეს ტერმინი ჩვენმა მაცხოვარმა. როცა ქალწულს ვიტყვით, დედოფალს ვიტყვით, განა სხვა დედოფალი არ არის, განა სხვა ქალწული არ არის, მაგრამ გაისაკუთრა ყოვლადწმიდა დედოფალმა. ბიბლიამაც გაისაკუთრა სიტყვა წიგნი. განა სხვა წიგნი, წიგნი არ არის, მაგრამ მან გაისაკუთრა ეს სახელი.

გიორგი გვასალია
სახელის გასაკუთრება

ვისზე უნდა იდგეს ჯარის სიძლიერე?

როდესაც განადგურებული იუდას სამეფოს გაძლიერებას იწყებს ერთ-ერთი მეფე, ეკონომიკას აღადგენს, ჯარს გააძლიერებს და ქვეყანას ქვეყანას დაამსგავსებს... თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ, უცებ გამოჩნდება წინასწარმეტყველი და გააფრთხილებს - ნუ გაქვს მოძლიერებული ჯარის იმედი, იფიქრე იმაზე, ეს ჯარი ვისით მოაძლიერე, რაზე უნდა იდგეს მისი სიძლიერე. იფიქრე შენს ღმერთზე. თუ შენ შენი ჯარის იმედად დარჩები, ეს ჯარი ვერაფერს გაგიკეთებს, მაგრამ, თუ იმის იმედი გექნება, ვინც თავისი ბუნებით არის ძლიერი, უძლეველი, ყოვლისშემძლე, მაშინ ამ ჯარის ყოლას აზრი აქვს.

გიორგი გვასალია
ვისზე უნდა იდგეს ჯარის სიძლიერე?

ფროიდის ფსიქოანალიზი

- ფროიდის ფსიქოანალიზის შესახებ რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

- ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო ყველაზე დახვეწილი თაღლითობა მეცნიერების ისტორიაში.

- შეიძლება მართლმადიდებელი იყოს ფროიდისტი?

- არა, გამორიცხულია. ის სექსუალური დასკვნები, რაც მას ჰქონდა, მიუღებელია. ჩვენთან სხვა დასკვნებია. ჩვენთვის ეს სხვა ძალაა. ახლა არ მინდა ხმამაღლა. მერე შეგვიძლია ერთი ერთზე ვისაუბროთ რა თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

ქვეცნობიერთან დაკავშირებით მას ჰქონდა აღმოჩენები, თუმცა შემდგომ რაც გააგრძელა და აკეთა ამ ადამიანმა, კრიტიკას ვერ უძლებს, თავისთავად ცხადია

გიორგი გვასალია
ფროიდის ფსიქოანალიზი

ბავშვი მტრად გავზარდოთ?

„ბავშვი მტრად გაზარდე მოყვრად გამოგადგებაო“. არ გამოგივა მოყვრად, მტრად გაზრდილი ბავშვი. საქართველოს მტრები გავუზარდოთ, რომ დამცველები გახდნენ? ეს ხომ სასაცილო არის. ეს გაჭირვების დროს ითქვა ვითომ სიბრძნე.

ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ მეგობარი გაიჩინო, მოყვრად უნდა გაზარდო, რომ მოყვარე გაიჩინო, პატრიოტად უნდა გაზარდო, რომ პატრიოტი გახდეს. მეგობრობის გარეშე არ გამოგვივა თანამედროვე ინდიგოს აღზრდა, ტყუილია, არ ეცადოს მშობელი, რომ ზემოდან დაადგეს ბავშვს, თითით უჩვენოს სად წავიდეს, სად წამოვიდეს, ვისთან იმეგობროს, ვისთან არ იმეგობროს.

შალვა ამონაშვილი
ბავშვი მტრად გავზარდოთ?

სამშობლო ადამიანებისთვის მინდა!

პირველ რიგში ჭეშმარიტებას ვენათესავებით, მერე ყველაფერ დანარჩენს. პატრიოტიზმიც კი, დიდი ფასეულობა არისო, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი ფასეულობა არისო, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა ის შუქი, რითიც პატრიოტიზმიც უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შორს წაგვიყვანა პატრიოტულმა აღტყინებამ, გრძნობამ, სამშობლოს სიყვარულმა... სამშობლოს სიყვარულიც ხომ დაბალანსებული უნდა იყოს სხვა რაღაცების სიყვარულით, მათ შორის ადამიანის სიყვარულით, ადამიანის ღირსების დაფასებით... სამშობლო კარგად მყავდეს და ადამიანები გავთელო - ეგრე სად არის! სამშობლო ადამიანებისთვის მინდა!

ლევან გიგინეიშვილი
სამშობლო ადამიანებისთვის მინდა!

განათლება სიყვარულით

ჩემი აზრით, ეს განათლება ბევრი რამით შეიცვლება, მაგრამ, პირველ რიგში განათლების ხარისხი და ღირსება დამოკიდებული იქნება, არა ტექნიკაზე, რომელიც შემოვა, საოცარი ტექნიკა შემოვა. ეს მობილურები და კომპიუტერები წავა, ესენი უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ სხვა უნდა მოვიდეს მათ ადგილას. მაგრამ განათლების ხარისხს, ესენი ვერ შეცვლის, ვერც პროგრამები, ვერც გამოცდები, ვერაფერი... ამას შეცვლის პიროვნება, მასწავლებელი, რომელიც ბავშვის გვერდით იქნება. - ხელოვნური ინტელექტი ვერ ასწავლის? - ხელოვნურ ინტელექტში ჩვენ ვერ ვაწყობთ ჯერ გრძნობებს, სიყვარულს ვერა ვდებთ მასში.

შალვა ამონაშვილი
განათლება სიყვარულით

თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია

თითოეული ჩვენგანი რაღაცის დიდი მიზეზი ვართ. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მიზეზია ბევრი ადამიანისა, რომლებიც ჩვენს გარშემო დაჯგუფდნენ. იმ ადამიანებისაც კი, რომლებსაც არ ვიცნობთ, თუმცა ჩვენი მიზეზების შედეგები გადაწვდათ. მათაც ერგოთ რაღაც, ან სიკეთე, ან სხვა რამ. ყველა ვართ მიზეზი.
აბა ნახეთ, რამდენი ადამიანია თქვენს ირგვლივ დაჯგუფებული. თუ თქვენ გამოეცლებით, მათ რაღაცა შეეშლებათ, არ გამოუვათ. ერთმანეთის იმედი გვაქვს. ერთმანეთზე ვამყარებთ იმედებს. გამოვეცლებით ერთმანეთს? - სული ჩამოინგრევა.
თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია, საყრდენია

შალვა ამონაშვილი
თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია

დეპრესია მდიდრების დაავადებაა?

ამბობენ, რომ დეპრესია მდიდრების დაავადება არის, უფრო მეტად ვიდრე ღარიბებისო, იმიტომ, რომ არ არის დეპრესია დაკავშირებული პირდაპირ რა მაქვს ანუ ქონებასთან. დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული. იმას ყველაფერი აქვს და მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ანუ ეგზისტენციალური ვაკუუმი აქვს, საზრისი არა აქვს და ამას არაფერი არა აქვს და იმიტომ არის ესეთ დღეში, რომ, აი რა აზრი აქვს ცხოვრებას. და რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს დეპრესია აქვს. მაგრამ დამოკიდებულება, რომ იმას შეიძლება ხახვი და პური ჰქონდეს, გამხმარი ჭადი და 4 კვადრატული მეტრი სახლი და იყოს მადლიერი.

მარინა კაჭარავა
დეპრესია მდიდრების დაავადებაა?

სტრატეგიული მოხალისეობა

სანამ მაგარი და მოთხოვნადი ტრენერი გახდები, უნდა იყო მოხალისე ტრენერი. ასე ჯობია დაიწყო, იმიტომ, რომ თავიდან არ გიცნობენ, როგორც ტრენერს და ფულს არავინ გადაგიხდის. ასეთ დროს ორ კურდღელს კლავ - 1. იმ სფეროს ეხმარები, რომლის განვითარებაც გსურს; 2. მეტ კავშირებს ამყარებ სფეროს წარმომადგენლებთან, უფრო მეტად დაგაფასებენ და პროფესიულ კონტექსტში იზრდება ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები. გამოთქმაც არის ასეთი - "იმას, ვინც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უხდიან, ცოტა ხანში იმაზე მეტს გადაუხდიან, ვიდრე აკეთებს". მოხალისეობას კარგად მიესადაგება ეს გამონათქვამი.

ალექსანდრე ჯეჯელავა
სტრატეგიული მოხალისეობა